თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სოციალური კაფე „მზიური“ პირველი ამ ტიპის დაწესებულებაა დედაქალაქში, რომელიც პრაქტიკულად სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. დღეიდან კი კაფე სუსტი მხედველობის მქონე სტუმრებს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდ მენიუს შესთავაზებს.
კაფე „მზიური“ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ბრაილის შრიფტით მენიუს დაბეჭდვის იდეა ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს იდეა კაფეს აქცევს სივრცედ ყველასთვის და მაგალითს მისცემს სხვებს.
„დღეს ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რადგან კაფე „მზიური“ არის საქართველოში პირველი კაფე, რომელსაც აქვს მენიუ ბრაილით! (ჩემი გამოკვლევით ასეა) დღეიდან უსინათლო სტუმარს დამოუკიდებლად შეეძლება მენიუს წაკითხვა!!! ერთი წლის წინ, როცა დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, ერთ-ერთი მიზანი იყო, პაწია კაფე გამხდარიყო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს სივრცე ყველასთვის“, — დაწერა ანა გოგუაძემ საკუთარ ფესბუქ-გვერდზე.
მომავალში კაფეში, რომელშიც უკვე მუშაობს ერთი სმენადაქვეითებული, შეზღუდული შესაძლებლობების სხვა პირების დასაქმებაც იგეგმება.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის დასაქმება და რამდენად სასარგებლოა ეს ნებისმიერი ბიზნესისთვის“, — წერს იდეის ავტორი.
ანა გოგუაძის თქმით, სანამ საქართველოში ამ საკითხისადმი სახელმწიფოცა და ბიზნესიც გულგრილი რჩება, მანამ პატარა კაფე „მზიური“ ამაყობს ელემენტარული დეტალებით.