თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის მცველმა და კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა პროფესიული კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
დღეს, 4 ნოემბერს, 34 წლის ცენტრალური მცველი თანაგუნდელებს „დინამოს“ სავარჯიშო ბაზაზე დაემშვიდობა. კლუბის ხელმძღვანელობამ ამისულაშვილს გაწეული გუნდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„დინამოს“ მაისურში ამისულაშვილის ბოლო მატჩი საქართველოს თასის ნახევარფინალი გახდა, რომელშიც თბილისელები ქუთაისის“ტორბედოსთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეი „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ უკმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთელების მხრიდან დაცვაში თამაშით.
თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მეკარე ნუკრი რევისვილი იქნება, რომელიც გუნდს რამდენიმე წლის წინ შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში ამისულასვილმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ამისულაშვილმა განცხადება მსოფლიო ჩემპიონატი —2018-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ გააკეთა, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ავსტრიის გუნდთან ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ. ექსპერტების აზრით, საქართველოს ნაკრების კარში გაშვებული ორივე გოლი ამისულაშვილის სინდისზეა.
ამისულაშვილი 2001 წლიდან თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაშია, ის 2004 წელს კიევის „დინამოში“ გადავიდა სათამაშოდ. სწორედ უკრაინისა და რუსეთის კლუბებს უკავშირდება ამისულაშვილის პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი — „დნეპრი“, „ ტავრია“, „შინიკი“ ნალჩიკის „სპარტაკი“, „კრასნოდარი“, „კრილია სოვეტოვ“.
ამასთან, ამისულაშვილი აზერბაიჯანისა („ინტერი“) და თურქეთის („კარშიაკა“) კლუბებში თამაშობდა.