თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძვირადღირებული კონიაკი „ჰენესის“ უაქციზოდ რეალიზებისთვის ერთი პირი დააკავეს, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.
გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ახდენდა ძვირადღირებული კონიაკი „ჰენესის“ აქციზური მარკის გარეშე რეალიზებას. დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით უაქზიცო ალკოჰოლური სასმელი. მისი ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მე-200 მუხლით „მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა“, რაც ისჯება ჯარიმით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
უაქციზო კონიაკი „ჰენესი“ ქართველმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის აპრილშიც ამოიღეს, მაგრამ მაშინ, გარდა ამ კონიაკისა, ამოღებულ პროდუქციას შორის იყო ასევე „ნეფტის“, „ბელუგასა“ და „ფინლანდიას“ მარკის არაყი და ვისკი „ჯეკ დენიელსი“.