თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში ირწმუნებიან, რომ სოფელ ზვარეში ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ჩინური კომპანიის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები არმატურითა და ნაჯახებით გაუსწორდნენ.
ინციდენტი ოთხშაბათს, ღამით მოხდა. ხუთი მუშა და სოფლის ორი მცხოვრები საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით მოხვდა. მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
„სოფლის მცხოვრებლები მთიდან შეშას ეზიდებოდნენ. ჩინურმა კომპანიამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ შეშა მათი საკუთრებაა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენი (პროფკავშირის) წევრები სოფლის მოსახლეობის დაცვას შეეცადნენ, რის გამოც ისინიც დაშავდნენ“, — აღნიშნეს, თავის მხრივ, „რკინიგზელების ახალ პროფკავშირში“.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ცემა“. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით 15 თვემდე ვადით.
მუშებმა არაერთხელ იჩივლეს შრომის ცუდი პირობებისა და დაბალი ხელფასების გამო. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში მათ საპროტესტო აქციები და გაფიცვები მოაწყვეს, თუმცა კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ხელმძღვანელობა მათთან შეთანხმებას ახერხებდა.
კომპანია ხაშური-ზესტაფონის რკინიგზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს 2015 წლიდან აწარმოებს.