თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი.
ფესტივალი 5 ნოემბერს 10:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიხსნება, სადაც საჭადრაკო ტურნირი გაიმართება, 14:00 საათზე კი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე Arena 1-ზე ჩატარდება შეჯიბრება სროლაში.
მეორე დღეს ფესტივალი გასართობ ცენტრ „ასტრა პარკში“ გაგრძელდება, სადაც გაიმართება შეჯიბრებები კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში.
გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით.
რეგისტრაციის გავლა ყველა მსურველს ადგილზე შეუძლია.