თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტები ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის შედეგების შესწავლას შეუდგნენ, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამშაბათს, ღამით საეკლესიო სასანთლეს ცეცხლი მოეკიდა. ამის შედეგად უნიკალური ფრესკა ნაწილობრივ მურით დაიფარა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. მომხდარის შემდეგ ტაძარი დაიკეტა, შესვლა დროებით შეზღუდულია. სააგენტომ სამართალდამცველებს მიმართა, დაიწყო გამოძიება.
XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი კლდეში ნაკვეთი ქალაქია და ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და ის დარგში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული უნივერსიტეტია.
კურტოს ინსტიტუტთან ერთად ქართველი სპეციალისტები ოთხი წლის განმავლობაში დეტალურად სწავლობენ ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობას, მიმდინარეობს დოკუმენტირება და საკონსერვაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა.
კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა.
თავის დროზე ვარძიის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს.