თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამშაბათს, ღამით საეკლესიო სასანთლეს ცეცხლი მოეკიდა. ამის შედეგად უნიკალური ფრესკა ნაწილობრივ მურით დაიფარა, აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
ადგილზე უკვე იმყოფებიან სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობას სწავლობენ.
ვარძიის კომპლექსის ტერიტორიაზე 15 ეკლესიაა, აქედან მთავარი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც დიდებული ფრესკებია შემონახული. არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.
XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი კლდეში ნაკვეთი ქალაქია.
თავის დროზე ვარძიის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს.