თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. 2019 წელს თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Tbilisi გაიხსნება. 200-ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში განთავსდება.
სასტუმროს ასაშენებლად 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი საერთაშორისო კორპორაცია Hilton-სა და კომპანია Granat Georgia-ს შორის უკვე გაფორმდა.
„ეს არის სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. თბილისი და თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე ამ ლამაზ შენობაში მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სასტუმროს მშენებლობის პროცესში რამდენიმე ასეული, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ კი 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
2015 წელს კომპანია Granat Georgia-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს მსოფლიო ბრენდის Hilton-ის სასტუმრო, რომელიც ბათუმში მდებარეობს.