მართლა ჩაიძირება თუ არა დედამიწა წყვდიადში ორი კვირით

© photo : NASA Goddard Space Flight Centerდედამიწის ხედი მთვარის ორბიტიდან
დედამიწის ხედი მთვარის ორბიტიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ინტერნეტ-რესურსები ერთიანადაა გადაჭრელებული ინფორმაციით, თითქოს ნოემბრის მეორე ნახევარში დედამიწა უკუნში ჩაიძირება, ვინაიდან მზის სისტემის ორი პლანეტა ძალიან მიუახლოვდება ერთმანეთს.

„ეს სრული აბსურდია, ბუნებაში მსგავსი არაფერი შეიძლება მოხდეს“, — განუცხადა Sputnik-ს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა, ასტრონომმა მაია თოდუამ.

პლანეტების პაემანი

ასტრონომი ამბობს, რომ იუპიტერი და ვენერა ძალზე ხშირად უახლოვდებიან ერთმანეთს და ეს მოვლენა არასდროს არანაირად არ აისახება დედამიწაზე.

„ეს პერიოდულად ხდება, დაახლოებით წელიწადში ერთხელ. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც გამუდმებით ხდება და რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწისთვის. პირიქით, ძალიან ლამაზი სანახაობაა, როცა ცაზე ორ კაშკაშა ვარსკვლავს ადევნებ თვალს“, — აღნიშნა მაია თოდუამ.

მისი თქმით, აპოკალიფსთან და დედამიწის დაღუპვასთან დაკავშირებული ამბები ადრეც არაერთხელ გავრცელებულა.

„მაგალითად, აპოკალიფსს ელოდებოდნენ 2012 წლის 21 დეკემბერს, როცა ყველანი უნდა დავღუპულიყავით. მაგრამ ცოცხლები ვართ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს ამბავი ცოტასღა თუ ახსოვს. მერე ამბობდნენ, მარსი მთვარის ზომისა გახდება და დედამიწაზე ჩამოვარდებაო და ასე შემდეგ…“ — გაიხსენა ობსერვატორიის დირექტორმა და იქვე განმარტა, რომ არ შეუძლია ახსნას, ვინ და რატომ შეიძლება ავრცელებდეს ესოდენ აბსურდულ ინფორმაციას.

„შესაძლოა ამ აბსურდს სენსაციებზე მონადირეები ავრცელებდნენ, ან ისინი, ვისაც შიშის დათესვა და ადამიანებში პანიკის გამოწვევა სურს“, — ვარაუდობს მაია თოდუა.

CC BY 2.0 / European Southern Observatory / Celestial Conjunction at Paranalპარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის
პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის - Sputnik საქართველო
პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის

პლანეტების ამბორი

დედამიწელებმა უჩვეულოდ ლამაზი ციური მოვლენა ბოლოს 2016 წლის აგვისტოს მიწურულს იხილეს, როდესაც ვენერა და იუპიტერი ლამის „ეამბორნენ“ ერთმანეთს.

ბუნებრივია, ასეთი ილუზია მხოლოდ დედამიწიდან ცქერისას შეიძლებოდა წარმოშობილიყო, ვინაიდან ამ პლანეტებს რეალურად ასობით მილიონი კილომეტრი აშორებს ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ ვენერასა და იუპიტერის ამბორის ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა, ასტრონომიული ხელსაწყოების გარეშე, რადგან პლანეტები ძლიერ კაშკაშებდა.

ასტრონომების ვარაუდით, პლანეტების ამბორი დაახლოებით 2065 წელსღა განმეორდება.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0