საქართველოში რომ ლამაზი ბუნებაა, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ბევრი საკუთარი თვალით გვინახავს, მაგრამ ბევრი ისეთი ადგილიც არის, რომელთა შესახებ არა თუ ქვეყნის სტუმრებმა, ჩვენც არ ვიცით და მხოლოდ ფოტოებში გვინახავს, შემდგომ კი გაგვკვირვებია კიდეც, ნუთუ ეს საქართველოა?!
სწორედ ასეთი ფოტოების ნახვის შემდეგ გამიჩნდა პირველად სურვილი, გავმხდარიყავი ჩემივე ქვეყნის ტურისტი. ჩემი პირველი მარშრუტიც ინტერნეტში ნანახი ფოტოების შედეგად შეირჩა. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, საკუთარი თვალით მენახა და შემეგრძნო ის სილამაზე, რასაც აბუდელაურის ფერადი ტბები ჰქვია.
ეს ადგილი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის — აბუდელაურის სათავეში, სოფლების როშკასა და ჯუთას მახლობლად, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს. წლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 6 თვეზე მეტი ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.
მას, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ფეხით სიარული, ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი და უბრალოდ „სამოთხის ნახვა დედამიწაზე“, აუცილებლად უნდა ნახოს აბუდელაურის ტბები.
იმისთვის, რომ ლაშქრობა დამღლელი არ აღმოჩნდეს და ბოლომდე დატკბეთ სილამაზით, თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა წაიღოთ. მოიმარაგოთ წყალი და საკვები, ჩაიცვით კომფორტული და წყალგამძლე ფეხსაცმელი, მზის სათვალე და ქუდი, თბილი ტანსაცმელი, რადგან ამინდი ძალიან ცვალებადია. არ დაგავიყდეთ საწვიმარი, დამიჯერეთ, როგორი კარგი ამინდიც არ უნდა იყოს ლაშქრობის დასაწყისში, ის აუცილებლად გამოგადგებათ.
პირველი 3 საათი შეიძლება ცოტა დამღლელი აღმოჩნდეს. გზადაგზა აღმართებია, რაც სიარულს, ცხადია, აძნელებს, თუმცა, ირგვლივ ისეთი სიმწვანე და სილამაზეა, რომ დაღლას უბრალოდ ყურადღებას არც კი მიაქცევთ.
პირველად მწვანე ტბა შეგხვდებათ, რომელიც მცირე ზომისაა, მაგრამ ძალიან ლამაზი. იქვე 100 მეტრში ლურჯი ტბაა, რომელიც მე პირადად ყველაზე მეტად მომეწონა. ეს არის ენით აღუწერელი სილამაზე — წყალი ძალიან ცივი, მთლიანად ლურჯი და სუფთა. სწორედ ლურჯ ტბასთან დავბანაკდით ცოტა ხნით. მეგობრებს სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტი ჰქონდათ წამოღებული… დამიჯერეთ, ასეთ ბუნებაში მხიარულებას არაფერი სჯობს. იქ ხარ და ხვდები, რომ ეს სილამაზე შენია, შენი ქვეყნისაა… ადგილი, რომელიც სტუმარსაც და მასპინძელსაც ერთნაირად ატყვევებს და აჯადოებს თავისი სილამაზით. ცა ისეთი ლურჯია და ღრუბლები ისე ახლოსაა, გეგონება, ხელით შეეხები. ირგვლივ მთებზე თოვლია, ბუნება გამწვანებულია, ტბა ლურჯი, ჰაერი სუფთა, ჰორიზონტი ულამაზესი… ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ სამუდამოდ აქ დარჩენის და ამ სილამაზით ტკბობის სურვილი გიჩნდება.
თქვენ გგონიათ ლურჯ ტბასთან მთავრდება აბუდელაურის ტბების საოცრებები? ცდებით, უფრო ზევით, დაახლოებით 40 წუთის სავალზე არის თეთრი ტბა. მართალია, სიარულს თოვლი, ქვა-ღორღი და დეკის ბუჩქები ართულებს, მაგრამ არ უნდა გაჩერდეთ. ძალიან მალე თეთრად მოლივლივე წყალს შეამჩნევთ, რომელიც შეიძლება აქა-იქ ლურჯი შეფერილობის მოგეჩვენოთ… საოცრებაა!
ლაშქრობის დაწყებიდან 5 საათში ერთად შეიგრძნობ მზეს, წვიმას, ყინვას და თოვლს. ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, რომ კიდევ არაერთხელ მოგინდება ამ მშვენიერების ნახვა.
ტურის დაგეგმვა ძალიან მარტივია, მთავარი სურვილი და მონდომებაა. ინტერნეტში უნდა ჩაწეროთ ტურები აბუდელაურის ტბების მიმართულებით. ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია და 20 ლარიდან იწყება. თუ ლაშქრობას უცხო ადამიანებთან ერთად გადაწყვეტთ, არც ეს არის პრობლემა, ლაშქრობიდან წამოსულს თქვენ უკვე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი გეყოლებათ. სახლში დაბრუნებული სასიამოვნოდ დაღლილები იქნებით და ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ ის ემოციები, შეგრძნებები და განცდები, რომელიც იქ დააგროვეთ — თავისუფლება, სიმშვიდე, სიგიჟე, მხიარულება, ბევრი სამახსოვრო ფოტო და ახალი ნაცნობები.
თუ ფიქრობთ, რომ რამეს გადაჭარბებულად აღვწერ ან, პირიქით, დავაკელი, ველი თქვენს გამოხმაურებას აბუდელაურის ფერადი ტბების სტუმრობის შემდეგ.