თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 50 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან 49-ში გაიმარჯვა, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ცესკო კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნებას 31 ოქტომბერს, 9 საათისთვის გეგმავს. მეორე ტური 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50-ში გაიმართა. საარჩევნო ოლქებში სადეპუტატო მანდატებისთვის ის ორ-ორი კანდიდატი იბრძოდა, რომლებმაც 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების სხვა კანდიდატებზე მეტი რაოდენობა მოიპოვეს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა — ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. ამ ოლქში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი „მრეწველების“ წარმომადგენელს უპირისპირდებოდა, ხმის დათვლის პროცედურა ამ დრომდე გრძელდება", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათი არჩევანი საქართველოს სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.
საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 100 დეპუტატის ვინაობა პირველ ტურში გაირკვა. „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად მინიმუმ 46 საარჩევნო ოლქში გამარჯვება სჭირდებოდა.