თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ვარკეთილში ავტოფარეხი აფეთქდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის პრეს-სამსახურში.
აფეთქება იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ფარეხი დაინგრა და მაშველებს ერთი ადამიანის ამოყვანა ნანგრევებიდან მოუწიათ. ის უკვე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ქართული საინფორმაციო საშუალებები ასევე წერენ, რომ ავტოფარეხის მფლობელები მას საცხოვრებლად იყენებდნენ.
ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. მუშაობენ პოლიციელებიც.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.