თბილისი, 18 მაისი — Sputnik. წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 20 მარტს მომხდარი ხანძრისშემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის 3 მლნ 737 ათასი ლარი (1.7 მლნ დოლარი) გამოიყო.
საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ.
შეგახსენებთ: აალება ტაძრის ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში მოხდა, სადაც საქველმოქმედო დანიშნულების წიგნები, საკანცელარიო საქონელი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინახებოდა.
აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.
მეხანძრეები ცეცხლს ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და აალების კერის მიუდგომლობა აფერხებდა, თუმცა საბოლოოდ მისი ჩაქრობა მაინც მოხერხდა.