თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრა 50 საარჩევნო ოლქში დაიწყო — დეპუტატებს ქვეყნის შვიდ რეგიონსა და ყველა მსხვილ ქალაქში ირჩევენ.
მეორე ტურის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 73 ოლქიდან 50-ში დეპუტატობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლო.
მეორე ტურში დეპუტატის მანდატისთვის ერთმანდატიან ოლქებში ორ-ორი კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, რომელიც მეტ ხმას მოაგროვებს.
არჩევნებში 100 კანდიდატი მონაწილეობს. აქედან 49 კენჭს იყრის მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“, 45 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ორი — „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და ერთი „მრეწველებიდან“. არჩევნებში ასევე მონაწილეობს სამი დამოუკიდებელი კანდიდატი.
მეორე ტურში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს 2 მლნ 478 ათას 42 მოქალაქეს.
არჩევნებს აკვირდება პარტიებისა და ბლოკების 42 ათას 92 წარმომადგენელი, 29 ათას 931 დამკვირვებელი 111 ადგილობრივი ორგანიზაციიდან, ასევე 1 ათას 440 დამკვირვებელი 55 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 100 პირველ ტურში უკვე აირჩიეს.
