თბილისი, 30 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ზუსტად 20:00 საათზე 50-ვე საარჩევნო ოლქში უბნები დაიხურა.
არჩევნების მეორე ტურში თითოეულ საარჩევნო ოლქში ის ორი კანდიდატი ღებულობდა მონაწილეობას, რომლებმაც 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვეს.
ამ დროისთვის დალუქულია საარჩევნო ყუთებიც და მიმდინარეობს კომისიის იმ წევრების შერჩევა, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლიან.
ცესკოს დადგენილებით, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების მეორე ტურში, ძირითადად, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები მონაწილეობდნენ, ხმების დათვლის პროცესში ამ პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, ამ პარტიების წარმომადგენლების გარდა, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის არჩევის უფლება აქვს.
არჩევნებში მონაწილეობას 100 კანდიდატი იღებდა. მათგან 49 მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კვოტით იღებდა მონაწილეობას, 45 — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ორი — „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ერთი — პარტია „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კვოტით.