თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარტიის მომხრეებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრაზე მისვლა არ დაეზარებათ.
საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.
„იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ჩაივლის მშვიდობიანად, მშვიდად ისე, როგორც ეს ეკადრება ქართველი ხალხის არჩევანს. იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი არ დაიზარებს არჩევნებზე მოსვლას და კიდევ ერთხელ თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას და იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენ ქვეყანას მომდევნო წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, რაც იქნება ძალიან ცუდი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ.
ბაქრაძე ენმ-ის სიის პირველი ნომერია. პირველი ტურის შედეგებით ის უკვე პარლამენტში მოხვდა.
ამჯერად არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით მიმდინარეობს.
მმართველი პარტიის მიზანი არჩევნების მეორე ტურში საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ სულ ცოტა, პარლამენტში 113 ადგილის მიღებაა. ამისთვის მმართველი პარტიის კანდიდატებმა 46 ოლქში უნდა გაიმარჯვონ.
საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას უფლებას მისცემს, შეცვალოს საქართველოს კონსტიტუცია, ხელში აიღოს გავლენის ყველა ბერკეტი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე.
არჩევნებში 100 კანდიდატი მონაწილეობს. აქედან 49 კენჭს იყრის მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“, 45 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ორი — „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და ერთი „მრეწველებიდან“. არჩევნებში ასევე მონაწილეობს სამი დამოუკიდებელი კანდიდატი.