თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებაგავლილი ადამიანები ხელმეორედ ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ. თითოეულმა მათგანმა, რომელსაც აღმოჩნდა რომ მარკირება ჰქონდა გავლილი, აცხადებდა, რომ ისინი საარჩევნო უბანზე პირველად მივიდნენ და უბრალოდ, მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი,იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
აღნიშნულ საარჩევნო უბანზე მსგავსი სამი ფაქტი დაფიქსირდა. 63-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის რამაზ სეფერთელაძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი, ხელების დაბანა მოსთხოვეს.
„მათ მიზეზად დაასახელეს მანდარინი, თუმცა ვუთხარით რომ დაებანათ ხელები და ისე მოსულიყვნენ. მეორედ მოსულებს ისევ ჰქონდათ ხელზე მარკირება და ამიტომ ჩვენ მათ არ მივეცით საშუალება, კიდევ ერთხელ მიეღოთ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა,“ — აღნიშნა სეფერთელაძემ.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 50 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება. ამჯერად სადეპუტატო მანდატისთვის საარჩევნო ოლქში ის ორი კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვეს. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ქვეყნის შვიდ რეგიონსა და ყველა დიდ ქალაქში ირჩევენ.