თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მსვლელობისას ბევრი ბიულეტენი გაყალბდა.
ივანიშვილმა კომენტარები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. მეორე ტური საქართველოს ერთმანდატიანი 73 ოლქიდან 50-ში მიმდინარეობს.
„ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, უდნა ყოფილიყო უფრო ნაკლები. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა, თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ დააზუსტოთ ვინ გააყალბა და რატომ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება“, — განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება მეორე ტურს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ კარგი არჩევანი გააკეთა.
„მე კარგი არჩევანი გავაკეთე. ხომ არ შეიძლება თქმა, ვის მივეცი ხმა. ხმა მივეცი ქვეყნის სწორ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად განვითარდეს“, — აღნიშნა მან.
ექსპრემიერმა ხმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.
ამ უბანზე პარლამენტის დეპუტატობისთვის იბრძვიან დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის ყოფილი მინისტრი ენმ-იდან ნიკა რურუა.