თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. დღეს დილიდან საქართველოში არჩევნების მეორე ტური დაიწყო. საარჩევნო უბნები ქვეყანაში 8:00 საათზე — დროულად გაიხსნა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა. ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში (73-დან 50-ში) დღეს არჩევნების მეორე ტური ტარდება. დანარჩენ 23 ოლქში გამარჯვება მმართველი გუნდის „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
„დღეს ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისათვის დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდობიან და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, — თქვა მიქელაძემ.
საქართველოს ცესკო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს — ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ტელეფონზე 2 51 00 51, ასევე ონლაინ ჩატის დახმარებითვებ გვერდზე www.cesko.ge.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარული სისტემით). სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია.
ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი).