თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
გახსნის ცერმონიას დაესწრნენ: აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ერთობლივი საფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი, შს მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
„ ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა“, — განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ახალი სამეთვალყურეო სისტემა ხელს შეუწყობს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებასა და კონტროლის გაუმჯობესებას, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის გამოვლენასა და აღკვეთას.
მართვის ცენტრის მოწყობა DTRA-ს მიერ დაფინანსებული მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის მიზანია სასაზღვრო სექტორებისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვა.