თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის.
8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ეხებოდა შერეული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გაუქმებას. თუმცა კანონი ვერ იქნა მიღებული.
„დღეისათვის შესაცვლელია არა მხოლოდ საარჩევნო სისტემა, არამედ გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს ხმის მიცემის პროცედურაც, საარჩევნო ადმინისტრაციების მოწყობაც, მათი მოქმედების პრინციპი. ჩვენ დასკვნები ამ არჩევნების შემდეგ გავაკეთეთ. მე დავასკვენი, რომ გარკვეული ცვლილებებია შესატანი, იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგ პრეტენზიები არავის გაუჩნდეს“, — თქვა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ცვლილება, მათ შორის მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება (ერთმანდატიან ოლქებში), ხმის მიცემის ბიომეტრიული სისტემის შემოღება, კონსენსუსუს გზით უნდა გადაწყდეს.
”ჩემი პოზიცია არის, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, რომელიც ყველანაირ შეკითხვას გამორიცხავს. შეიძლება ეს იყოს თავად ხმის მიცემის პროცედურები, ადმინისტრაციის მოწყობა, მოქმედების პრინციპები და ა.შ. ეს ყველაფერი გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. ჩემი აზრით, არანაირი წინააღმდეგობა იმისა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა იყოს, პროპორციულთან მიახლოებული, როგორიც არის გერმანიაში, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია”, — განაცხადა პრემიერმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარული სისტემით). სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია.