თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს წლებში ქუთაისში დარჩება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
საქართველოს პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში 2012 წლის შემოდგომაზე, წინა ხელისუფლების დროს გადაიტანეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე დაპირდნენ ხალხს, რომ საკანონმდებლო ორგანოს კვლავ დედაქალაქში დააბრუნებდნენ.
„პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. მინიმუმ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მე ალბათ რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში, არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს გააქტიურებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად ეს საკითხი აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას ქუთაისთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.
„ქუთაისზე ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შესაძლოა 5-10 წლის შემდეგ ვერავინ ვეღარ შეამჩნიოს არის თუ არა იქ პარლამენტი,“ — განაცხადა საქართველოს პრემიერმა.