თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აშშ და იაპონია გააფრთხილა, რომ მზად არის, პროვოკაციის შემთხვევაში, პრევენციული დარტყმა მიაყენოს მათ, იუწყება Sputnik-ტაჯიკეთი ჩრდილოეთ კორეის მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.
„ჩვენი რევოლუციური შეიარაღებული ძალები მზადაა გამაფრთხილებელი დარტყმის მისაყენებლად [ჩრდილოეთ კორეის] მტრებისთვის მათი მხრიდან უმცირესი პროვოკაციების შემთხვევაში“, — ციტირებს ჩრდილოკორეული მედია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებას.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიას მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად იაპონიის „რეაქციულ ძალებს“ აკისრებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეის პრესამ აქტიური პროპაგანდა წამოიწყო იაპონიის მთავრობის წინააღმდეგ, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროც ცოტა ხნის წინ გამოვიდაინიციატივით, დაუწესდეთ სანქციები იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეასთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.
აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებებმა მანამდე განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე, ვინაიდან ქვეყანამ ძალზე გაახშირა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა.
სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა სამი ბალისტიკური რაკეტა, რომლებმაც იაპონიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ზონამდე მიაღწია. ამის შემდეგ, 9 სექტემბერს ფხენიანმა, 2006 წლიდან მოყოლებული, მეხუთე ბირთვული ცდა ჩაატარა, მიუხედავად გაეროს უსაფრთხოების საბჭოს აკრძალვებისა.