თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან (საქართველო-თურქეთის საზღვარი) თურქეთის მხარეს ტერაქტის მცდელობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე თურქული მედია იუწყებოდა, რომ „სარფის“ საბაჟო პუნქტთან ტერაქტი აღკვეთეს. კერძოდ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც ავტობუსში თავის აფეთქებას ცდილობდა. თითქოს მას „ჯიჰადის ქამარი“ ჰქონდა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „სარფის“ საბაჟოსთან თურქეთის მხარეზე ტერაქტის მცდელობის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უარყვეს. ამის შესახე წერს თურქული მედიაც“, — განაცხადა შემოსავლების სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
სარფის საბაჟო მეორე დღეა ყურადღების ცენტრშია, რადგან თურქი მესაზღვრეები ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობის გატარებას ახერხებენ. არსებულ პრობლემას საბაჟოზე თურქული მხარის კომპიუტერული სისტემის გაუმართაობა ქმნის. თურქი მებაჟეები უცხოელების დოკუმენტების შემოწმებას კომპიუტერულ სისტემაში არსებული პრობლემების გამო ვერ ახერხებენ.
პრობლემა საპასპორტო კონტროლის სისტემის გამორთვამ გამოიწვია, ამასთან, არამარტო სარფში, არამედ თურქეთის დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათთვის, ვინც თურქეთის საზღვარი გადაკვეთა პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესული არიან ID ბარათის საფუძველზე.