თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ირანიდან 120,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 513%-ით მეტია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
მიმდინარე წლის სექტემბერში ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების მაჩვენებელმა 28,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 571,9%-ით მეტია.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ირანიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმითაა განპირობებული.
„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტური კამპანია აწარმოა, საქართველოში მოიწვია ირანელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები. ამ ფაქტმა და ტურიზმის ადმინისტრაციის შემდგომმა ნაბიჯებმა, ასევე პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ირანიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გაცნობითი ტურების ორგანიზებას ირანიდან“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
ირანთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის თებერვლიდან ამოქმედდა.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ ირანს მეექვსე ადგილი უკავია. ლიდერთა სამეულში არიან აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.