თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ახალი პროექტი „სტარტაპ მეგობრული“ წამოიწყო, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„სტარტაპ მეგობრული“ პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ გაგრძელებაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური ბიზნეს-იდეების დაფინანსებასა და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერაზე.
„სტარტაპ მეგობრული“ დამწყებ ბიზნესმენებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში („ტექნოპარკი“) წარადგინა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ინოვაციური კომპანიები დიდი სიჩქარით იზრდება.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ მიმართულებით აზროვნება… „სტარტაპ მეგობრულის“ ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „სტარტაპ მეგობრული“ ბოლო პროექტი არ იქნება და მთავრობას აქვს საინტერესო გეგმები, რითიც ახალგაზრდებში ენთუზიაზმს გააღვიძებენ.
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 60-მა ახალგაზრდამ საკუთარი ბიზნეს-იდეის რეალიზებისთვის მსხვილი გრანტი მიიღო. პროექტები კონკურსის საფუძველზე შეირჩა.