თბილისი, 27 ოქტომბერი– Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფზე" დილიდან რიგებია იმის გამო, რომ თურქი მესაზღვრეები ადამინთა მცირე რაოდენობას ატარებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით.
საინფორმაციო სააგენტო Timeturk-ის მონაცემებით, თურქეთის გამშვებ პუნქტებზე პრობლემები ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამო შეიქმნა.
"ნამდვილად რიგები არსებობს, რადგან თურქული მხარე ძალიან ცოტა ადამიანს იღებs. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ისინი აცხადებენ, რომ პრობლემის გადაჭრას მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეეცდებიან", — განაცხადა შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეფერხებებია.
"ეს პრობლემა არა მარტო "სარფშია". ეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საზღვარზეა. ასე აცხადებს მათი საკონსულო",- დაამატა მოისწრაფიშვილმა.
იმ ადამიანების თქმით, რომლებიც საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, თურქეთის მებაჟეები უპირატესობას თავიანთ მოქალაქეებს ანიჭებენ.
ოთხშაბათს დილით რამოდენიმე საათის განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" მუშაობა მთლიანად პარალიზებული იყო.