თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თურქულმა მხარემ აღმოფხვრა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული ხარვეზები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთისას პრობლემებს ქმნიდა როგორც ფეხით, ისე ავტომობილით გადაადგილებისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი 09:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
„თურქებს ტექნიკური ხარვეზები ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად ადამიანების გატარება განაახლეს. უკვე აღმოფხვრეს პრობლემა, რომელიც დღეს შეიქმნა. რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომობილების რიგი შეიქმნა“, — განაცხადა შემოსავლების სამსახურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა მომხდარი საგანგებო მდგომარეობას დაუკავშირეს, რომელიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღმოფხვრის შემდეგ, 19 აგვისტოდან მოქმედებს, თუმცა, შემოსავლების სამსახურში ეს კატეგორიულად უარყვეს.
საგანგებო მდგომარეობა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაწესდა. მისი მოქმედების ვადა 19 ოქტომბერს ამოიწურა, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ ის კიდევ 90 დღით გააგრძელა.