საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა

© Ministry of Finance of Georgia საბაჟო გამშვები პუნქტი კარწახი
საბაჟო გამშვები პუნქტი კარწახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს: მგზავრებისათვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, „სარფისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტების განტვირთვას, სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი, ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი — „კარწახი“ გაიხსნა. პარალელურად, თურქეთში გაიხსნა საბაჟო-გამშვები პუნქტი „აქთაშ-ჩილდირი“, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

 ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის აღსანიშნავად, საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმდებარე მონაკვეთზე, საბაჟო პუნქტების გახსნის ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

 ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჯენაფ აშჯი, ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები საქართველოდან და თურქეთის რესპუბლიკიდან. 

 როგორც საზეიმო ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში. 

 „თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება, საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვა ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს: მგზავრებისათვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას; „სარფისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტების განტვირთვას; სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას; საბაჟოს გამტარიანობის მაჩვენებელი დღე/ღამეში მინიმუმ 500-600 სატვირთო მანქანა და 10000 მგზავრი; ახალი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დამატებითი წყაროს შექმნას“, — იტყობინება ფინანსთა სამინისტრო.

 საბაჟო-გამშვებ პუნქტში პირველ ეტაპზე, სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის საფუძველზე, დასაქმდა დაახლოებით 70 პირი მათგან 80-85% ადგილობრივი მცხოვრებია. 

 „კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11 532 940 ლარი შეადგინა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამშენებლო სამუშაოებში დასაქმდა 200-მდე მოქალაქე, აქედან 40-50 მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრებია.

 დღესვე, საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე სატვირთო ავტომობილებმა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0