თბილისი, 27 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩატარებულ ბრიფინგზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში სამი პარტია შევა — მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პარტიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია".
"მივესალმები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, რომლებიც შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩემთვის ეს ადასტურებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს", — განაცხადა სტოლტენბერგმა.
არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა – პროპორციულით (პარტიული სიების მიხედვით) და მაჟორიტარულით (ერთმანდატიან ოლქებში). ამ მომენტისთვის საქართველოს ცესკომ შეაჯამა პროპორციული არჩევნების შედეგები და 23 ერთმანდატიან ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგები.
დარჩენილ 50 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტური კვირას ჩატარდება.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტური დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევებს.