თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები მოულოცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის ელჩს შორის.
„ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება მიულოცა. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელ საარჩევნო პროცესს და უერთდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომელთა თანახმად, საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“, — ნათქვამის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში.
მიხეილ ჯანელიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგისთვის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73 — ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან (მაჟორიტარული სისტემა) იყო ასარჩევი. სადეპუტატო მანდატისთვის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იბრძოდა.
უკვე ცნობილია, რომ პარლამენტში ადგილი სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.