თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რომან შენგელიამ, გუშაგის მიერ მოკლული 23 წლის გიგი შენგელიას მამამ, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა — როგორც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრ „კრწანისის“, ისე ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ცხედარი იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამმა პირმა შეაღწია. ეს შენიშნა გუშაგმა, რომელმაც მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ გახსნა ცეცხლი და ერთ-ერთი მოკლა. დანარჩენი ორი პიროვნება გაიქცა.
მას შემდეგ, რაც მოკლულის ოჯახმა ეჭვქვეშ დააყენა გუშაგის ქმედების კანონიერება, შენგელიას მამას საქმის მასალების გაცნობას დაპირდნენ.
„ის, რომ მას ზურგში ესროლეს — ეს ფაქტია. ის გარბოდა და მას ბაზიდან ესროლეს… მე კითხვებზე პასუხი მივიღე. უნდა დაველოდო გამოძიებას… მე ვიცი, რომ ჩემი შვილი თბილისში მიდიოდა, მაგრამ არაფერი მსმენია, რომ იგი ბაზაზე წავიდა“, — განაცხადა რომან შენგელიამ ტელეკომპანია TV Pirveli-ის ეთერში.
თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებასთან რომან შენგელიას, უცნობია.
ადრე მან ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გიგი შენგელიას ცხედარი ბაზიდან 97 მეტრში იპოვეს. დაღუპულის მამის სიტყვებით, ცხედარი ბაზიდან 20 მეტრში იყო.
რომან შენგელიამა სევე განაცხადა, რომ არ იცის თუ სად იმყოფება მისი მეორე შვილი — გიორგი შენგელია, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, იმ ღამეს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ამ ვერსიას მამა უარყოფს და განმარტავს, რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ იმ დღეს გიორგის მობილური ტელეფონი გიგის ჰქონდა.
სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონის გარდა, შემთხვევის ადგილზე გაზის პისტოლეტი, ფანარი და ავტომატის 5 მასრა იპოვეს.
რომან შენგელიამ მანამდე განაცხადა, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას გეგმავდა. საქმის ძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას არ ეწინააღმდეგება გამოძიება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ადრე განაცხადა, რომ გუშაგი საწესდებო ნორმებით მოქმედებდა.
მომხდარს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა", რაც თავისუფლების შეზღუდვით 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.
"კრწანისის" ცენტრის ბაზაზე 2015 წლის აგვისტოში წვრთნებისა და შეფასებების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი (JTEC) გაიხსნა. ამჟამად იქ შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.