თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გუშაგი, რომელმაც გიგა შენგელიას ესროლა, საწესდებო ნორმების გათვალისწინებით მოქმედებდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ოფიციალური მონაცემებით, კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე „კრწანისის“ გუშაგმა ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. გუშაგმა მას შემდეგ, რაც მის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გახსნა და ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა, ორმა კი გაქცევა მოახერხა. შენგელიას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში იპოვეს. ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი, ფანარი, მობილური ტელეფონი, AK-74-ის ავტომატის ხუთი მასრა და სხვა ნივთები.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ დილის 4-ის ნახევარზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია, და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს იმ ორი თანმხლები პირის დადგენა“, — განაცხადა იზორიამ.
გამოძიება უახლოეს მომავალში ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის, აღნიშნა მინისტრმა.
მომხდარის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს დაღუპულის ოჯახი. ისინი გამორიცხავენ, რომ შენგელიას პისტოლეტი შეიძლება ჰქონოდა. გარდა ამისა, მოკლულის მამის თქმით, ტყვია შენგელიას ზურგში აქვს მოხვედრილი, რაც მოწმობს, რომ ის გუშაგისგან ზურგით იყო შექცეული, ტერიტორიას ტოვებდა და არა ესხმოდა მას, როგორც ეს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. იარაღი ჩემს შვილს არასდროს ჰქონია, ყაჩაღი არასდროს ყოფილა, ნასამართლევი არ არის. მეორე შვილი მასთან ერთად იყო თბილისში. არ იქნებოდა იმ დროს მასთან“, — განუცხადა ჟურნალისტებს მოკლულის მამამ რომან შენგელიამ.
გიგა შენგელიას ცხედარი პროზექტურიდან ზუგდიდში უკვე გადაასვენეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოძიება გიგას ძმას გიორგი ეძებს, რომელიც „კრწანისის“ ბაზის ტერიტორიაზე მსახურობდა და თავდასხმის დროს, შესაძლოა, გიგასთან ერთად იმყოფებოდა.
გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.