თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გიგა შენგელიას ნათესავებსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, შენგელია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისს“ დაესხა თავს.
ოფიციალური მონაცემებით, კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე „კრწანისის“ გუშაგმა ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. მას შემდეგ, რაც გუშაგის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, მოხდა ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია, ორმა კი გაქცევა მოახერხა. შენგელიას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში იპოვეს. ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი, ფანარი, მობილური ტელეფონი, AK-74-ის ავტომატის ხუთი მასრა და სხვა ნივთები.
„მას (გიგა შენგელიას — რედ.) არასდროს არაფერი დაუშავებია. ყველას უყვარდა და მასაც ყველა უყვარდა… რასაც აცხადებენ, ყველაფერი ტყუილია. დანაც არ ჩაუდია ჯიბეში არასდროს“, — განაცხადა შენგელიას ნათესავმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
შენგელიას ცხედარი პროზექტურიდან ზუგდიდში გადაასვენეს.
მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ქართული საინფორმაციო საშუალებები განიხილავენ ვერსიას, რომლის მიხედვით, „კრწანისში“ მოკლულის ძმა მსახურობს და გიგა შენგელია და კიდევ ორი პირი ბაზაში შესვლას მის მოსანახულებლად შეეცადნენ.
გამოძიება კიდევ ორი თავდამსხმელის ვინაობის დადგენას ცდილობს.
გამოძიებამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახსნა — როდესაც გუშაგმა თავდამსხმელებს უკან გაბრუნება მოსთხოვა, მათ მას ცეცხლმაქრი ესროლეს.
გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.