თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით საქართველოს პარლამენტში ექვსი ადგილი მიიღეს, მანდატების რაოდენობის რვამდე გაზრდას ითხოვენ.
8 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად გაირკვა პარტიებს შორის მანდატების განაწილება: მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ — 48,68% (44 მანდატი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,11% (27 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ – 5,01% (6 მანდატი).
პარტიის წარმომადგენლები აპირებენ სარჩელი შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში და დამატებითი მანდატები მოითხოვონ.
„ყველა იმ პარტიის პროცენტები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, უნდა გადანაწილდეს იმ პარტიებს შორის, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. რატომღაც მხოლოდ სახელისუფლებო პარტია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინაწილებენ დარჩენილ ადგილებს. ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ, რაც არასწორია. ჩვენ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და, იმედი მაქვს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ რვა მანდატს მივიღებთ“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პარტიული სიებით ირჩევენ (პროპორციული სისტემით), ხოლო 73 დეპუტატს ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარული სისტემით).
30 ოქტომბერს 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, ვინაიდან არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების 50%-ის მიღება. 23 ოლქში კი გამარჯვება მმართველი პარტიის — „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა უკვე მოიპოვეს.