თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად 6 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, აღნიშნული ოდენობის თანხა კომისიას დანაზოგის გაკეთების მიუხედავად დასჭირდება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი კენჭისყრა დანიშნულია 22 ოქტომბერს 4 საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნების შედეგების ანულირება მოხდა. ხოლო 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის არჩევნები 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში შედგება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ის მოგროვება.
«სულ ბიუჯეტიდან მოსათხოვი თანხა, რომელიც უნდა მოითხოვოს მეორე ტურისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წარმოადგენს 6 056 718 ლარს. აქ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული დანაზოგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოიყენებს მეორე ტურისთვის, მაგრამ ჩვენ დამატებით ვითხოვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 056 718 ლარს. განაწილება წარმოდგენილია ყველა არჩევნებისთვის, რომელიც უნდა ჩავატაროთ 22-შიც 30-შიც“, — განაცხადა ჟვანიამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. 77 დეპუტატს პარტიული სიით ირჩევენ, ხოლო 73-ს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.