მან თბილისში გამართულ ქართველოლოგიის მეშვიდე სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმი „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17-დან 22 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა.
ბატონი ჰიროტაკე მაედა პირველი იაპონელია, ვინც გალაკტიონი იაპონურად თარგმნა. იგი არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და უკვე წლებია, რაც თავის ქვეყანაში ქართულ კულტურას, ისტორიასა და ლიტერატურას უწევს პოპულარიზაციას.
– საქართველოში სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოხვედით, ამჯერად სამეცნიერო წრეების წინაშე რა თემით წარსდექით?
— თბილისში ჩამოსული ვიყავი ქართველოლოგიურ სიმპოზიუმზე, რომლის ორგანიზატორი იყო აკადემიკოსი, ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე. ჩემი მოხსენების თემა იყო: „ორბელიანების მოღვაწეობა ირანში“, მე მათი ოჯახის ისტორიაზე ვისაუბრე. ამ თემით იმიტომ დავინტერესდი, რომ ორბელიანებს ირანში, შაჰის კარზე ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავათ. ჩემ მოხსენებაში ამ თემის საინტერესო დეტალებს შევეხე.
– ვიცი, რომ საქართველოში იანვარშიც აპირებთ ჩამოსვლას, ამჯერად თქვენი ჩამოსვლის მიზანი რა იქნება?
— იანვარში გუდაურში გაიმართება კონფერენცია, რომელიც საქართველოს მთიანი რეგიონის ისტორიას ეძღვნება. მე ვმუშაობ თემაზე, რაც ეხება ირანელების ექსპედიციას კავკასიაში, ვფიქრობ, ჩემი ნაშრომი ქართული სამეცნიერო წრეებისთვის საინტერესო იქნება.
– ტოკიოს უნივერსიტეტში თქვენ კაბინეტში ცნობილი ქართველების ფოტოები და ქართული ნივთები გაქვთ…
— 14 წელია, რაც უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. საქართველო ძალიან მიყვარს და ჩემ კაბინეტში ქართული წიგნები და ისტორიული ლიტერატურა მაქვს. რაც შეეხება ფოტოებს, ჩემ კაბინეტში თამარ მეფის, ვახტანგ მეექვსეს, ერეკლე მეორისა და ფიროსმანის ფოტოებია გამოფენილი. ასევე მაქვს სვანური ქუდი, ხევსურული ჩოხა და ბევრი სხვა რამ…
– მკითხველს შევახსენოთ, რომ თქვენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის დროს არაჩვეულებრივ ფოტოებსაც იღებთ…
— ჩემი ფოტოების გამოფენა სახელად "რაც ვნახე საქართველოში” შარშან „ქარვასლაში“ დეკემბრის თვეში გაიმართა. მასზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 20 წლის მანძილზე გადაღებული ფოტოები გამოვფინე. მიხარია, რომ ისინი ქართველებს მოეწონათ. ჩემ არქივში ვახუშტი კოტეტიშვილთან გადაღებული ერთი ძველი ფოტოცაა. თბილი, ნიჭიერი, გონიერი და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. მასთან შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. მან ბევრი რამ მასწავლა…
– ჰიროტაკე-სან, ქართული სამზარეულო იმდენად გიყვართ, რომ ოჯახში ქართულ ხინკალს ხშირად აკეთებთ, თუმცა ანალოგიური რამ იაპონელებსაც გაქვთ, არა?
— დიახ, მსგავსია და ჩვენ მას ვეძახით გიოუ-ძა, რაც ჩინური სიტყვაა და ამ ენაზე ბაო-ძი ჰქვია, მას იაპონურადაც იგივე ძირი აქვს. ეს კერძი ძალზე პოპულარულია ჩვენთან და მას სახლში მართლაც ხშირად ვაკეთებთ. კიდევ ხაჭაპურსაც ვაკეთებთ, რაც ჩემ ოჯახში ძალიან უყვართ.