თეონა გოგნიაშვილი
თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა“, მიმდინარეობს იაპონელი მეცნიერის, ტოკიოს უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა სახელად "რაც ვნახე საქართველოში”. გამოფენა 10 დეკემბერს გაიხსნა და მასზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 20 წლის მანძილზე გადაღებული ფოტოებია გამოფენილი. ბატონი ჰიროტაკე პირველი იაპონელია, ვინც გალაკტიონი მშობლიურ ენაზე თარგმნა. მისი წყალობით იაპონიაში, გარკვეულ წრეებში საქართველოს მიმართ სერიოზული დაინტერესება გაჩნდა.
სტუმრებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ქართველებიც იყვნენ. გამოფენის მთავარ გმირზე აზრი ერთ–ერთ მათგანს, მწერალ დათო ტურაშვილს ვკითხე:
,,ეს არის იშვიათი პიროვნება, რომელიც ისევე როგორც ყველა ნამდვილი იაპონელი ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარეა. მართლა გულწრფელად უყვარს ჩვენი ქვეყანა, რაც დასაფასებელია, ეს გამოფენაც ამის დასტურია. მადლობა მინდა მას გადავუხადო“.
ბატონი ჰიროტაკე გამოფენაზე როგორღაც დავიმარტოხელე და იაპონური საკეს თანხლებით იმაზე გავესაუბრე,,,რაც საქართველოში ნახა“…
—ბატონო ჰიროტაკე, ეს თქვენი საქართველოსთან 20 წლიანი სიყვარულის ერთგვარი გამომზეურებაა?
–დიახ, ასეც შეიძლება გავიგოთ. აქ წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მაქვს გადაღებული, აგრეთვე აქ არის ფოტოები, რომლებიც საინგილოში, ფერეიდანში და ტაო–კლარჯეთში გადავიღე. გამოფენა ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ბატონ დავით ლორთქიფანიძის და,,ქარვასლას“ ერთობლივი მხარდაჭერით პირველად ტარდება. მადლობა უშუალოდ ქალბატონ ლიკა მამაცაშვილს და,,ქარვასლას“ ყველა თანამშრომელს.
-რომელია ამ ფოტოებიდან ყველაზე ძველი და ყველაზე ახალი?
- ყველაზე ძველი ფოტოა,,ჯვრის მონასტერი“, რომელიც 1995 წელს გადავიღე, ყველაზე ახალი 2015 წელს თიანეთში გადავიღე, ესაა ცხენზე ამხედრებული ჩემი შვილების ფოტო“.
–საქართველოსთან თქვენი სიყვარული როდის დაიწყო?
—საქართველოს გასაცნობად 90-იან წლებში ჩამოვედი. მანამდე შესწავლილი მქონდა ქართული კულტურა და ტრადიციები. ისეთ დროს, როცა არ იყო შუქი და წყალი, ჩემს მიმართ ქართველების თბილ დამოკიდებულებას მაინც ვგრძნობდი.ქართველ მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი ქალაქგარეთ ძველი ძეგლების სანახავად.1995 წელი იდგა და ცუდი დრო იყო. თბილისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სოლოლაკში ვცხოვრობდი. სახლი ძალიან ძველ შენობაში იყო და მასპინძლის ოჯახის წყალობით მეზობლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენი ეზო დიდი ოჯახივით იყო.საღამოს ვსაუბრობდით, მეზობლები უშუქობაში გიტარაზე მღეროდნენ.
–ჰიროტაკე სან, ამ ხნის მანძილზე ქართული ხასიათის რომელიმე თვისება ხომ არ გაითავისეთ?
–საქართველოში ბევრჯერ ვიყავი თამადა, ეს ალბათ უკვე ჩემი ქართული თვისება გახდა. ამის გამო საქართველოს უფრო კარგად ვგრძნობ. ისე კი გეტყვით, რომ ოჯახისა და მამულისადმი სიყვარული ქართველებს და იაპონელებს საერთო გვაქვს.
– ბატონო ჰიროტაკე, თქვენ ხართ პირველი ადამიანი, ვინც გალაკტიონი იაპონურად თარგმნა…
– დიახ ასეა, გალაკტიონი და ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარს.როგორც ისტორიკოსს, მაინტერესებს მოდენიზაციისა და ტრადიციის საკითხებიც. მინდა, რომ ქართველ ხალხს იაპონიის კულტურა უფრო ახლოს გავაცნო.
– შეგიძლიათ რომელიმე ქართული ამბავი გაიხსენოთ?
– ერთხელ გურიაში მგზავრობის დროს, მასპინძლებთან ექვთიმე თაყაიშვილი ვახსენე და იქაურ ხალხს ძალიან გაუხარდა. კარგი ოჯახი გავიცანი და მერე კარგი ქეიფიც გაიმართა. როცა დავემშვიდობე, ასე მითხრეს, რომ მათი სახლის კარები ჩემთვის ყოველთვის ღია იქნებოდა. მაშინ სოფელში გაჩერებული იყო ყველაფერი, მაგრამ ხალხს თავისი ქვეყანა და სტუმრის მოსვლა მაინც უყვარდა. ის ამბავი დღემდე მახსოვს.სტუმარ-მასპინძლობა იაპონელების თვისებაცაა, მაგრამ ახლა იშვიათად ხდება, რომ განსაკუთრებით ჩემი ასაკის ხალხმა სახლში სტუმრები მიიწივიონ. მე ვცდილობ, როცა იაპონიაში კოლეგა–ახლო მეგობრები ჩამოდიან ისინი ჩემს სახლში მივიღო.
იაპონელი მეცნიერის, ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა თბილისში 5 იანვრამდე გასტანს. ამიტომ, ვისაც გაინტერესებთ იხილოთ როგორია მისი 20 წლიანი,,ქართული სიყვარული“, აუცილებლად ეწვიეთ,,ქარვასლას“.