თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР სერიის Erste Bank Open-ის ტურნირის პირველ რაუნდში ჩეხ ტომაშ ბერდიხს სძლია (6:4, 6:7, 7:5). ტურნირი ამ დღეებში ვენაში იმართება.
ეს წარმატება იმით არის აღსანიშნავი, რომ ბასილაშვილმა თავისი კარიერის მანძილზე მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში შემავალ ჩოგბურთელს პირველად სძლია. თავად ბასილაშვილს რეიტინგში 107-ე ადგილი უკავია.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ერთი ბრეიკი გააკეთა და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად — 6:4.
მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი ხუთჯერ იყო ახლოს ბერდიხის ჩაწოდების მოგებასთან, მაგრამ ჩეხმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და გაიმარჯვა — 7:5.
შეხვედრის, რომელიც ორსაათნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა, გადამწყვეტი მომენტი მესამე პარტიის მე-11 გეიმი გახდა. როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ქართველი ჩოგბურთელის დარტყმისას გვერდითმა მსაჯმა აუტი დააფიქსირა, მაგრამ ბასილაშვილმა „ჩელენჯი“ მოითხოვა, რომელმაც აჩვენა, რომ ბურთი ხაზს შეეხო. ამის შემდეგ მატჩი ბასილაშვილის სასარგებლოდ შემოტრიალდა.
ბასილაშვილის მეტოქე 1/8 ფინალში კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) იქნება. ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ქართველმა გაიმარჯვა. ეს მატჩი 27 ოქტომბერს გაიმართება.
Erste Bank Open 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მლნ ევროს შეადგენს.