არასამთავრობოები ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიასფალტის დაგება
ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები დასაქმებულთა უფლებების დაცვის მოქმედი მექანიზმის არაეფექტურობაზე მიუთითებენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლო დროს მშენებლობებსა და ქვანახშირის მოპოვების საწარმოებში ადამიანების დაღუპვის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში ვენტილაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი თემურ კაკაურიძე დაიღუპა. 19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაიღუპა 26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, ხოლო 20 ოქტომბერს — ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამუშაო პროცესში დასაქმებული.

„რეალობაში არსებული ცხადი გამოწვებებისა და ევროკავშირის წინაშე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, დღეს არსებული შრომის ინსპექტირების მექანიზმი წარმოადგენს სუსტ ორგანოს, რომელსაც არ შეუძლია მისი მთავარი ფუნქციის – პრევენციული პოლიტიკისა და დარღვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფა“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ЕС - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „საქართველომ და ევროკავშირმა შრომით მიგრაციაზეც უნდა მოილაპარაკონ“

საქართველო დღემდე სავალდებულოდ არ აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) იმ კონვენციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, რაც ასევე აჩვენებს ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის არარსებობას – შექმნას შრომითი უფლებების სათანადო დაცვის ეფექტური და ქმედითი მექანიზმები, აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოებმა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდეს, უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე სიკვდილის შემთხვევების დაუყოვნებლივი, ეფექტური გამოძიება და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.

შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი.

2013 წლიდან საქართველოში ამ მიმართულებით რიგი რეფორმები გატარდა. კერძოდ, ცვლილებები შეიტანეს შრომის კოდექსში, რომლითაც კანონმდებლობაში გაჩნდა შრომის უფლების დამცავი მინიმალური სტანდარტები და შეიქმნა ცალკეული მექანიზმები, მათ შორის, შრომის პორობების ინსპექტირების დეპარტამენტი. საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი არაეფექტური აღმოჩნდა არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.

განცხადების ტექსტი გამოქვეყნებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0