თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი გახდა ტელეპროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ჟიურის წევრების ვინაობა. ეს არის ამერიკული სატელევიზიო შოუს So You Think, You Can Dance ქართული ანალოგი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 1 ნოემბრიდან გავა.
იმას, თუ ვინ იცის საქართველოში ცეკვა, გადაწყვეტენ ამერიკელი ქორეოგრაფი ზაკ რისი, ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე, ასევე ორი პროფესიონალი მოცეკვავე — სალომე ჭაჭუა და ნათია რთველიაშვილი-მანგანი.
ზაკ რისი — ფრანგული წარმოშობის ქორეოგრაფი და მოცეკვავეა. სხვადასხვა დროს იყო ისეთი პროექტების ჟიურის წევრი, როგორიცაა The Dancers და Popstars (საფრანგეთი). ბრიტანული და ქართული X-ფაქტორის მთავარი დამდგმელი-ქორეოგრაფია. ასევე ავტორია მრავალი მსოფლიო ვარსკვლავის ქორეოგრაფიული პროექტის. ცეკვავდა ამერიკელ მომღერლებთან ჯანეტ ჯექსონთან და ბილი კროუფორდთან.
დუტა სხირტლაძე — თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, ტელეწამყვანი, რეჟისორი და პროდიუსერი. სხირტლაძეს მიჰყავდა ისეთი ტელეშოუები როგორებიცაა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი-ერთში“, ასევე ავტორი და წამყვანია გადაცემისა „ცოდნა-ფულია“.
სალომე ჭაჭუა — პროფესიონალი მოცეკვავეა, 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი სპორტულ და სამეჯლისო ცეკვებში. 2012 წლიდან მუდმივად მონაწილეობს შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. მოცეკვავეთა მსოფლიო რეიტინგში სალომე ჭაჭუა 74-ე ადგილზეა. აქვს საკუთარი საცეკვაო სტუდია.
ნათია რთველიაშვილი-მანგანი — ბალეტის მოცეკვავე. დამთავრებული აქვს თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა. 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში. 2015 წლიდან თანამშრომლობს „მეტროპოლიტენ-ოპერასთან“. 2007 წლიდან საცეკვაო შოუს „რივერდენსის“ დასის წევრია. ცეკვავს როგორც კლასიკას, ისე მოდერნს, კონტემპორარის, ფოლკს, ჯაზს და სხვა.
ტელეშოუს ავტორთა თქმით, შოუში მონაწილეობა ყველას შეუძლია — ასაკობრივი და პროფესიული შეზღუდვების გარეშე.
დიდი კასტინგი უკვე შედგა ბათუმში, ქუთაისში და თბილისში. კასტინგების მსვლელობისას ჟიურიმ 14 საუკეთესო მონაწილე შეარჩია — 7 გოგონა და 7 ვაჟი.