საქართველოს უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა პრიორიტეტები დასახა

© photo: Sputnik / Stringerსაპატიო ყარაული
საპატიო ყარაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო პრობლემები სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობითაა შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალპინისტი დავით რაქვიაშვილი წარადგინა.

„გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპული ღირებულებების მიმართ დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე ჩვენ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას“, — განაცხადა რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად ალპინისტი დაინიშნა

ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებია.

უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა თავის წინამორბედ ირინე იმერლიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საფუძველი შექმნა.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — უმაღლესი მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყება დაკავებულია საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის საკითხებით და თავდაცვის სისტემის ორგანიზებით. უშიშროების საბჭო უფლებამოსილია, გამოაცხადოს ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0