მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორი სასარგებლო პროდუქტია კაკალი, მაგრამ ადამიანებმა ნაკლებად იციან, რომ ასევე მრავალ დაავადებას კურნავს კაკლის უღელი, რომელსაც, სამწუხაროდ, კაკლის გარჩევისას, ჩვეულებრივ, ვყრით. ამჯერად კაკლის უღლის დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ.
კაკლის უღელი განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა, ის შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს, მათ შორის C, P, B1, ბეტა-კაროტინს და იუგლონს.
კაკლის უღელს ახასიათებს მიკრობების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შემკვრელი მოქმედება, აძლიერებს ორგანიზმს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. მასში დიდი რაოდენობითაა იოდი, ამიტომ ადამიანის ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად კაკლის უღელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იოდის ნაკლებობა კი, შესაძლოა, ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორიცაა ბაზედოვის დაავადება (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი), ჩიყვი, მასტოპათია, ადენომა, მიომა, იმუნიტეტის დაქვეითება.
კაკლის უღლისგან სპირტზე ამზადებენ ნაყენს, რომელიც კარგია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რადიკულიტი და ტკივილი სახსრებში, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი, ნევროზი. გარკვეული რეცეპტით მომზადებულ ნაყენს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ის ეფექტურია ჭრილობების, ნაკაწრების დამუშავებისა და კანის სხვა დაავადებების დროს, ასევე კონიუნქტივიტის, თვალის სხვა, ინფექციებით გამოწვეული დაავადებების დროს.
ნაყენის მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს ურტიკარია (ჭინჭრის ციება), მწვავე გასტრიტი, ასევე, არ არის რეკომენდებული ეგზემისა და ნეიროდერმიტის დროს, კვინკეს შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპება) დროს.
კაკლის უღლის ნაყენი ადვილად მზადდება. ამისთვის იყენებენ სპირტს ან არაყს.
გთავაზობთ ნაყენის მომზადების რამდენიმე რეცეპტს:
• პანკრეატიტის სამკურნალოდ: სამი დესერტის კოვზი კაკლის უღლისა და 150 გრამი არყის ნარევი შვიდი დღის განმავლობაში მინის ჭურჭელში გააჩერეთ. მისი მიღების მინიმალური ვადაა 14 დღე, ხოლო მაქსიმალური – სამი თვე. მიღების წესი: 5 წვეთი ნაყენი გახსენით მეოთხედ ჭიქა წყალში და უზმოზე მიიღეთ.
• ათეროსკლეროზის, გულის არითმიის დროს: ქილა გაავსეთ კაკლის უღლით, დაასხით არაყი ისე, რომ უღელი დაიფაროს. შვიდი დღის განმავლობაში შეინახეთ ბნელ ადგილზე. მიღების წესი: გახსენით 30 წვეთი ნაყენი 200 გრამ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ.
• შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის: ამისთვის სპეციალური ნაყენი გამოიყენება. დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით არაყი და ერთი კვირა გააჩერეთ. მიღების წესი: 5 წვეთი ნაყენი ცოტაოდენ წყალში გახსენით და მიიღეთ დღეში ერთხელ, ჯობს – უზმოზე. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 21 დღიდან სამ თვემდე გრძელდება.
• რადიკულიტის სამკურნალოდ: მინის ჭურჭელში მოათავსეთ დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი, დაამატეთ 100–150 გრამი არაყი. გააჩერეთ ორი კვირა. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.
• უძილობის, ნევროზების სამკურნალოდ: დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი აურიეთ 250 გრამ არაყში. გააჩერეთ ორი კვირა, შემდეგ მიიღეთ დღეში სამჯერ 25–25 წვეთი.
• ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ: 200–250 გრამ კაკლის უღელს დაასხით 500 გრამი არაყი. ნარევი გააჩერეთ ორი კვირა. მიღების წესი: სამჯერ დღეში 30–30 წვეთი.
• მასტოპათიის სამკურნალოდ: 30 კაკლის უღელი მოათავსეთ გაუმჭვირვალე ჭურჭელში, დაასხით 150 გრამი არაყი. ნაყენი გააჩერეთ 10 დღე. მიღების წესი: ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად, დღეში ერთხელ მიიღეთ წყალში გახსნილი 15 წვეთი ნაყენი.
კაკლის უღლის მეტი კონცენტრაციის მისაღწევად მას სპირტზე ამზადებენ. სპირტზე დამზადებული კაკლის უღელი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
• ეგზემა. 1 კილოგრამი კაკლისგან გამოცლილი უღელი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და აურიეთ 500 მილილიტრ სპირტში; დადგით შვიდი დღე ბნელ ადგილზე, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ სადილის კოვზით.
• კუჭის წყლული. ერთ ლიტრ 40-გრადუსიან სპირტში მოათავსეთ 200 გრამი კაკლის უღელი. კარგად დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილზე 21 დღე გააჩერეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ სადილის კოვზით.
• ონკოლოგიური დაავადებები. 25 კაკლის უღელი მოათავსეთ ჭურჭელში (არ უნდა იყოს ლითონის ჭურჭელი), დაამატეთ 70%–იანი 200 მილილიტრი სპირტი. ერთი კვირა გააჩერეთ ისეთ ადგილზე, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 15–20 წვეთი ნაყენი და დღეში სამჯერ მიიღეთ.
• საშვილოსნოს ფიბრომიომა. აურიეთ 25 კაკლის უღელი და 70%–იანი სპირტი მუქი ფერის, გაუმჭვირვალე ჭურჭელში, გააჩერეთ 7 დღე. მიიღეთ 30 გრამ წყალში გახსნილი 15–15 წვეთი დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.
გარდა სპირტზე დამზადებული ნაყენისა, კაკლის უღლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაი და ისე მიიღოთ.
ნაყენი მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, მაგრამ მას უკუჩვენებებიც აქვს, ამიტომ ჯობს, კაკლის უღლის ნაყენი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოთ.