თბილისი, 23 ოქტომბერი— Sputnik. თბილისში საქველმოქმედო აქცია „თბილისი მარათონი 2016“ გაიმართა. უკვე გამარჯვებულიც ცნობილია — მასშტაბური გარბენის მონაწილემ, საბა ხვიჩიამ, წელს ფინიშის ხაზი 32 წუთსა და 57 წამში გადაკვეთა.
საქველმოქმედო გარბენმა სტარტი დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდა.
სპეციალური პროექტი „თბილისის მარათონი“, რომელიც გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის HeidelbergCement-ის ორგანიზებით ტარდება, — საქველმოქმედოა.
წლევანდელი გარბენი ნახევარმარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს გულისხმობდა.
გასულ წელს თბილისის მარათონი საერთაშორისო მარათონების ასოციაციის (AIMS) ოფიციალური წევრი გახდა.
საერთაშორიო გარბენი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა და მასში 2000-ზე მეტი მსურველი მონაწილეობდა.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება.
ყოველ წელს სოციალური პროექტი „თბილისის მარათონი“ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მასში ყოველლთვის მონაწილეობენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები.
„თბილისის მარათონი“საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და გერმანიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.