თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა (ეშსქ) 20 წლის გახდა.
ქარხნის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, იუწყება თბილისის მერია.
თბილისის მერმა, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქარხნის სტაჟიანი და გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.
"მეტროს ვაგონშემკეთებელი ქარხანა დღეს 20 წლის გახდა, 1996 დაფუძნდა და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განახორციელა. 330-ზე მეტი ვაგონი შეკეთდა ამ პერიოდში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხუთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ჯამში 20 ვაგონს შეადგენს, შევაკეთეთ და ამით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მეტროპოლიტენის მდგომარეობა“, – განაცხადა ნარმანიამ.
მან აღნიშნა, რომ თბილისის მეტროში უკეთესი პირობების შესაქმნელად, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“ უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას თბილისის, ბაქოსა და ერევნის მეტროპოლიტენისათვის. დღეისათვის ქარხანაში 130 ადამიანი მუშაობს.