თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდისა და მარნეულის რაიონების ოთხივე საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა და ბიულეტენების დათვლის პროცედურა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
სოფელ ყიზილაჯლოს №48-ე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. უბნის დახურვამდე ერთი საათით ადრე შუქი გაითიშა, თუმცა, ტექნიკური სახის პრობლემა სასწრაფო წესით აღმოიფხვრა.
წინასწარი მონაცემებით, ცესკო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს 24:00 საათზე გამოაქვეყნებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა ოთხ საარჩევნო უბანზე სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.