თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight რუსეთის ირგვლივ დიდ ტურნეში გაემგზავრნენ — წლის ბოლომდე ქართველი მუსიკოსები 11 ქალაქში წარდგებიან მსმენელის წინაშე. მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები როგორც ძველი, ისე ახალი ჰიტების მოსმენით დატკბებიან. კონცერტებზე ასევე გაჟღერდება კომპოზიციები ჯგუფის ბოლო ალბომიდან Yellow.
„Yellow-ს მუსიკალური სამყარო თავად ეძებს გზას მაყურებლისკენ. ჩვენ კი არ ვირჩევთ მსმენელს, არამედ ისინი ირჩევენ თუ ვის მოუსმინონ. კონცერტი — ეს მუსიკისა და გრძნობების მთელი ისტორიაა“, — ნათქვამია ნინო ქათამაძის „ფეისბუქის“ გვერდზე.
ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight-ის საგასტროლო ტურნე 23 ოქტომბრიდან იწყება, სწორედ ამ დღეს გაიმართება სამარაში პირველი კონცერტი. როსტოველები ქართველ მომღერალს 28 ოქტომბერს მოუსმენენ, კრასნოდარში კი კონცერტი 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
დეკემბრის თვეში კონცერტები გაიმართება პეტროპავლოვსკ-კამჩატკში (8 დეკემბერი), ხაბაროვსკში (12 დეკემბერი), სამხრეთ სახალინსა (14 დეკემბერი) და ვლადივოსტოკში (16 დეკემბერი).
მოსკოველები და ქალაქის სტუმრები ნინო ქათამაძის შემოქმედებით 18 დეკემბერს დატკბებიან.
რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Yellow რვა ახალი კომპოზიციაა შესული. ალბომი ჯგუფის ფერადოვან კონცეფციას განაგრძობს. ალბომი მუსიკოსებმა 2016 წლის დასაწყისში ბერლინის ცნობილ TRIXX Studios-ში ჩაწერეს. ნინო ქათამაძის განცხადებით, ამ ალბომმა რეპერტუარი მზის ენერგიით სავსე თავისუფალი მუსიკით შეავსო.
ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.
პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებდა ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.