თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ 21 აგვისტოს საკუთარ 44-ე დაბადების დღეზე ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად სოლო კონცერტი გამართა ბათუმის ჩოგბურთის კლუბში.
კონცერტი თითქმის ორი საათის დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან მომღერალმა, საავტომობილო საცობების გამო, დარბაზამდე დროულად ვერ მიაღწია.
ნინო ქათამაძეს აკომპანიმენტს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევდა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტის დაწყებამდე ორკესტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქათამაძესთან უკვე 15 წელია თანამშრომლობს და კარგად იცის, რაოდენ ღელავს მომღერალი აჭარაში გამოსვლისას.
„ნინოს ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა აქვს, როცა მშობლიურ კუთხეში გამოდის… კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ამ მართლაც დიდი ქართველი მუსიკოსის დაბადების დღეა“, — თქვა ნიკოლოზ რაჭველმა.
მაყურებელმა, როგორც წესი, თბილად მიიღო ნინო ქათამაძე და მას ყვავილები და სხვა საჩუქრები მიართვა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს ასეთი ემოციებისთვის და განუცხადა, რომ ის მათი „სიყვარულის მსახურია“.