თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ცესკოს მონაცემებით, ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბანზე 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნების განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა 30%-ზე მეტი მივიდა. 1434 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 526-მა უკვე დააფიქსირა. გადასატანი ყუთით კი 33-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
დღეს, ზუგდიდისა და მარნეულის რაიონების ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, რისი მიზეზიც აღნიშნულ უბნებზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები გახდა.
განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2 ათას 251 ამომრჩეველია, ხოლო მარნეულის საარჩევნო ოლქში – 1 ათას 436.
ამომრჩეველი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის რაიონში ექვსი, ხოლო მარნეულის რაიონში – ათი კანდიდატიდან აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.