თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დღეს, ზუგდიდისა და მარნეულის რაიონების ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, რისი მიზეზიც აღნიშნულ უბნებზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები გახდა.
განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
ცესკოს სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან, 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 615-მა, რაც ამომრჩეველთა 42.8%-ია.
ზუგდიდის №38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 393-მა, რაც 34.3%-ს შეადგენს. ზუგდიდის №79-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 460-მა, რაც ამომრჩევლების 49.7-ს შეადგენს. ხოლო, ზუგდიდის №108-ე უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 365-მა, რაც ამომრჩეველთა 47.2%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, საჩივრებთან დაკავშირებით ინფორმაცია უცვლელია. მარნეულში საუბნო-საარჩევნო კომისიაში დაწერილია 7 საჩივარი, ზუგდიდის 38-ე უბანზე 1 და ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაშიც 1 საჩივარი.